გარდაიცვალა მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში, ბორის სპასკი

ფიშერი სპასკი

88 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსი დიდოსტატი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ჭადრაკში, ბორის სპასკი, რომელიც „ცივი ომის პერიოდში“ ამერიკელ ბობი ფიშერთან „საუკუნის მატჩში“ დამარცხდა.

1972 წელს, საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის პიკზე, სპასკიმ და ფიშერმა დასამახსოვრებელი საჭადრაკო დუელი გამართეს, რომელიც, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით, დღემდე ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტულ დაპირისპირებად მიიჩნევა.

ბორის სპასკი 1937 წელს ლენინგრადში (ახლანდელ სანკტ-პეტერბურგში) დაიბადა, ჭადრაკის თამაში ხუთი წლის ასაკში ბავშვთა სახლში მას შემდეგ ისწავლა, რაც ოჯახთან ერთად გაიქცა ქალაქიდან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების საშინელი ბლოკადა გადაიტანა.

თამაშის აგრესიული სტილით გამორჩეული სპასკი, 18 წლის ასაკში გახდა იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი და მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის.

სახელმწიფომ ის სტიპენდიისა და მწვრთნელის დანიშვნით წაახალისა, თუმცა, პიკზე ყოფნას ყოველთვის ვერ ახერხებდა. 1961 წელს სპასკიმ, როდესაც ის საუკეთესო ფორმაში ჩადგა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო.

1969 წელს მან თანამემამულე ტიგრან პეტროსიანი დაამარცხა და მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა, რომელსაც ეს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ფლობდა.

1972 წელს, ისლანდიაში შედგა სპასკის დაპირისპირება ამერიკელი ვუნდერკინდის, ბობი ფიშერის წინააღმდეგ. ეს იყო გამოწვევა აღმოსავლეთ-დასავლეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ელფერით, რომელიც ისტორიაში „საუკუნის მატჩის“ სახელით შევიდა.

ამერიკელის გამოჩენამდე, საერთაშორისო დონეზე სპორტის ამ სახეობაში საბჭოთა კავშირი დომინირებდა. ბობი ფიშერი საბჭოთა მოთამაშეებს დასცინოდა და აკრიტიკებდა, რითაც ამ ქვეყნის სიამაყეს თელავდა. სპასკისთან მატჩის კატასტროფული დასაწყისის შემდეგ, მან საბოლოო გამარჯვების მიღწევა მაინც მოახერხა და ამით საბჭოთა მსოფლიო ჩემპიონების უწყვეტი სერია დაასრულა, რომელიც 1937 წლიდან იღებდა სათავეს.

„ვერც კი გეტყვით, როგორი შვება ვიგრძენი, როდესაც ფიშერმა ტიტული წამართვა. ძალიან მძიმე ტვირთისგან გავთავისუფლდი და თავისუფლად ამოვისუნთქე“, - გაიხსენა რუსმა დიდოსტატმა თითქმის 40 წლის შემდეგ, როდესაც ის იმ საჭადრაკო დუელზე საუბრობდა, რომელიც უამრავი წიგნისა და დოკუმენტური ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა.

დამარცხებული რუსი მოჭადრაკე 1976 წელს საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, 1992 წელს კი მას ყოფილ იუგოსლავიაში არაოფიციალური რევანშის აღების შანსი მიეცა, მაგრამ ისევ დამარცხდა და სპორტის მიმართ ინტერესი თანდათანობით დაკარგა.