გაოგნებული, აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებული ვარ სინძო აბეს მკვლელობის გამო - ბაიდენი

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის გაოგნებული, აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებულია იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს გარდაცვალების გამო.

„უპირველეს ყოვლისა, აბე ღრმად ზრუნავდა იაპონელ ხალხზე და სიცოცხლე მიუძღვნა მათ სამსახურში ყოფნას. იმ მომენტშიც კი, როდესაც მას თავს დაესხნენ, ის დემოკრატიის საქმით იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი დეტალი, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვიცით, რომ ძალადობრივი თავდასხმები არასდროს არის მისაღები და რომ იარაღით ძალადობა ყოველთვის ღრმა კვალს ტოვებს. აშშ მწუხარების ამ მომენტში იაპონიის გვერდით დგას. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ მის ოჯახს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც წინაასარჩეევნო მიტინგზე შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, გარდაიცვალა.

67 წლის სინძო აბეს ქალაქ ნარაში 41 წლის კაცმა ზურგში ესროლა. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა. ეჭვმიტანილს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

67 წლის სინძო აბე თანამდებობიდან 2020 წელს გადადგა, თუმცა მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში ამ დრომდე გავლენიან ფიგურად რჩებოდა.