პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილმა მეცნიერმა ფრენკ ჰუგერბიტსმა თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა. ინფორმაცია ამის შესახებ sozcu.com.tr -მა გაავრცელა.
როგორც სტატიაში ვკითხულობდით, მეცნიერმა პოსტი 3 თებერვალს გამოაქვეყნა, რომელზედაც ყურადღება დღეს გამახვილდა. „თურქეთის ამ რაიონში (ცენტრალური და სამხრეთ თურქეთი, იორდანია, სირია, ლიბანი), ადრე თუ გვიან 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდება“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ექსპერტმა ზურა ბატიაშვილმა სეისმოლოგის პოსტის სქრინი გამოაქვეყნა და დაწერა:
„2 დღის წინ ჰოლანდიელმა სეისმოლოგმა ფრენკ ჰუგერბითსმა დაწერა, რომ მოსალოდნელი იყო ეს მიწისძვრა. თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად გამოიცნო მოსალოდნელი მიწისძრვრის ადგილიც და სიმძლავრეც. აი ამას ქვია მეცნიერი, მეცნიერება და ზოგადად მეცნიერული პროგრესი (ხო, რუსეთუმეები გასაგონად, ეს პროგრესი დასავლეთში ხდება და არა "ერთმორწმუნეებში").
ასეთ შემთხვებში იმედის ნაპერწკალი ჩნდება ხოლმე, რომ ერთ დღესაც კაცობრიობა მივა იმ მომენტამდე, როდესაც წინასწარ ეცოდინება მიწისძვრის მოხდენის დროც, რითაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება“,-დაწერა ბატიაშვილმა.
სოციალურ ქსელში პოსტის პოპულარობას სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა, რა დროსაც ეჭვქვეშ დადგა როგორც „პროგნოზის“, ასევე მეთოდოლოგიის მართებულობა.
ჰუგერბითსის წინასწარმეტყველებას მეცნიერები აბსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ თეორია სრულიად მიუღებელია.
როგორც Express წერს, გეოლოგმა ბრაიან გეინსლერმა განაცხადა, ჰუგერბითსის თეორიებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია.
"ყველაფერი ძალიან მარტივია - პლანეტების განლაგებას მიწისძვრებთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა გეინსლერმა.
მიწისძვრის წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობას კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრიც (USGS).
"არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შეუძლიათ მიწისძვრის წინასწარმეტყველება, მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მათი განცხადებები ტყუილია:
თეორიები არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს, მიწისძვრები კი მეცნიერული პროცესების ნაწილია. მაგალითად, მიწისძვრას არაფერი აქვს საერთო ღრუბლებთან, სხეულის ტკივილთან;
ისინი არასოდეს განსაზღვრავენ იმ სამ ელემენტს ( თარიღი და დრო, ზუსტი ადგილმდებარეობა და მაგნიტუდა), რომელიც პროგნოზის დროს მოითხოვება;
მათი პროგნოზები იმდენად ზოგადია, რომ ყოველთვის მოხდება ისეთი მიწისძვრა, რომელიც მათ ნათქვამს მიესადაგება - მაგალითად, იქნება 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აშშ-ში, უახლოესი 30 დღის განმავლობაში და ა.შ." - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მითების დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ირკვევა, რომ ფრანკ ჰოხერბეიტსი ფსევდომეცნიერია და მის პროგნოზებს არანაირი სამეცნიერო ღირებულება არ გააჩნია, თეორია კი, რომლის თანახმადაც, პლანეტების განლაგებას მიწისძვრების პროგნოზირება შეუძლია, დიდი ხანია უარყოფილია მეცნიერების მიერ.
მითების დეტექტორის ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ: ჰოხერბეიტსის შესახებ 2017 წელს ამერიკული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Snopes-იც წერდა. ჰოლანდიელი “სეისმოლოგი”, რომელიც საკუთარ თავს მიწისძვრის „ენთუზიასტს“ უწოდებს, 2017 წელსაც ამტკიცებდა, რომ პლანეტარული განლაგების გამო, აშშ, ჩილე, პერუ, ინდონეზია და ფილიპინები ძლიერი მიწისძვრების (8.0 მაგნიტუდის სიმძლავრის) საფრთხის წინაშე 2017 წლის 24 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში იმყოფებოდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, იმ პერიოდში მიწისძვრები პერუსა და ინდონეზიაში დაფიქსირდა, თუმცა ზიანის მომტანი არც ერთი მათგანი არ ყოფილა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდონეზია, უკიდურესად აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს.