გაეროში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები წინ მიდის

ომი

გაეროში ისრაელის ელჩის, დანი დანონის განცხადებით, „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები წინ მიდის. დანონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ელოდება ისრაელის მთავრობის შეკრებას მიმდინარე კვირაში, რომლის დროსაც ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა მოხდება შემდეგ, რომ „ჰეზბოლამ“ ვერ მოახერხოს საზღვართან დაბრუნება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გარანტირებული იყოს“, – განაცხადა გაეროში ისრაელის ელჩმა.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ლიბანელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო 36 საათის განმავლობაში ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი განაცხადებენ.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეთრ სახლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.