გაერო ისრაელს პალესტინაში ორგანიზაციის მუშაობის ხელშეშლასა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ბლოკირებაში ადანაშაულებს

გაერო

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ელინორ ჰამარშელდმა განაცხადა, რომ ისრაელი ხელს უშლის გაერო-ს მუშაობას პალესტინის ტერიტორიებზე, მათ შორის ზღუდავს ვიზების გაცემას გაერო-ს პერსონალისა და გაერო-ს ახლო აღმოსავლეთის პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა სააგენტოს (UNRWA) თანამშრომლებისთვის. ამის შესახებ ჰამარშელდმა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე მოსმენაზე  განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელის მხრიდან დაფიქსირდა „არასანქცირებული შეღწევის“ მცდელობები გაერო-ს ახლო აღმოსავლეთის პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს მიერ პალესტინელი ბავშვებისთვის ორგანიზებულ სკოლებში. ასევე, მიღებული იყო ამ სკოლების დახურვის გადაწყვეტილებაც. ისრაელში კი გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე მოსმენას „ცირკი“ უწოდეს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათი წარმომადგენლები ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებენ. მისივე თქმით, გაერო ისრაელის მოწინააღმდეგე და ანტისემიტურ ორგანიზაციად გადაიქცა. გიდეონ საარის თქმით, გაერო-ს ახლო აღმოსავლეთის პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტს წარმოადგენდა.

„ისრაელმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა ამ ცირკში. ეს არის პოლიტიზირებისა და სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი მცდელობა, რაც მიზნად ისრაელის დევნას ისახავს. ამის მიზანია, ისრაელს ყველაზე ფუნდამენტური უფლების – თავდაცვის უფლების ჩამორთმევა. გაერო გახდა გახრწნილი, ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური ორგანო. ნათელი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ, გაერო-სა და მისი გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით, გაერო-ს ახლო აღმოსავლეთის პალესტინელთა დახმარების სააგენტოს დასაქმებული ჰყავდა ტერორისტები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში. შემდეგ კი ეს დამალა“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში მოსმენა, რომელიც დღეს დაიწყო პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის ვალდებულებების შესრულების საკითხს ეხება. პროცესი 2 მაისამდე გაგრძელდება. როგორც პრესრელიზიდან ირკვევა, სასამართლომ ამ საკითხზე სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან სულ 45 წერილობითი განცხადება მიიღო.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2024 წლის 19 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს პალესტინური ტერიტორიების მიმართ ისრაელის ვალდებულებების შესრულების საკითხზე საკონსულტაციო დასკვნის გამოტანას სთხოვს. რეზოლუციაში სხვადასხვა საკითხთან ერთად საუბარია იმ საქონლის მიწოდებაზე, რომელიც გადამწყვეტია პალესტინელი მოსახლეობის გადარჩენისთვის, ასევე პალესტინელებისთვის ძირითადი მომსახურების, ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების დახმარების გაწევაზე.

ამ დოკუმენტს მხარი 137-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და საფრანგეთმა. წინააღმდეგ ხმა მისცა 12 სახელმწიფომ, მათ შორის ისრაელმა, კანადამ და აშშ-მა. კიდევ 22-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.