როგორ მივხვდეთ, რომ ბინაში გაზი გროვდება - ეს უნდა იცოდეთ
1795202155
უკრაინისთვის ნებისმიერი სამომავლო სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს მისი სუვერენიტეტის შენარჩუნებას, ტერიტორიული მოლაპარაკებების საწყის წერტილად შეხების ხაზის გამოყენებას, ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას და საიმედო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
“მიზანია - სუვერენული უკრაინა უსაფრთხო ევროპაში. ტერიტორიული შეთანხმებების საწყისი წერტილი უნდა იყოს ე.წ. შეხების ხაზი. უკრაინას უნდა შეეძლოს ევროპული გზის გაგრძელება. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რეკონსტრუქციისთვის დახმარებას მიიღებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, ბერლინის სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს საკუთარი თანხმობა შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ძირითად პრინციპებზე.
კანცლერმა განაცხადა, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, შეიძლება განიხილებოდეს რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების ეტაპობრივად მოხსნის შესაძლებლობა.
"საპასუხოდ, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეტაპობრივი მოხსნა, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში“, - თქვა მერცმა.
მერცმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, უკრაინამ უნდა მიიღოს საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. ეს შეთანხმებები კი მნიშვნელოვანი იქნება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
კანცლერის თქმით, ნებისმიერ შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინა, რუსეთი, შეერთებული შტატები და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ.
მან ასევე განაცხადა, რომ დუბლინში ევროპული საბჭოს წინა შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, მოლაპარაკებებში ევროპული მხარის წარმომადგენლები გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და იტალია, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტები იქნებიან.