„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
Fly Dubai-ს თვითმფრინავის მეორე პილოტი, რომელიც თვითმფრინავის მეთაურზე თავდასხმასა და ისრაელის მიმართულებით მიმავალი ავიარეისის განზრახ ჩამოგდების მცდელობაშია ეჭვმიტანილი, ომანის მოქალაქეა და მანამდე ფრენების შესრულება უსაფრთხოების რისკის გამო ჰქონდა შეჩერებული. ინფორმაციას ABC News-ი დაზვერვისა და სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიებასთან დაახლოებულმა რამდენიმე წყარომ განაცხადა რომ ეჭვმიტანილი 29 წლის ჰამამ ალ-ჰამამია.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ალ-ჰამამი 2024 წელს Oman Air-ში მეორე პილოტის სტაჟიორად მუშაობდა, როდესაც მას ექსტრემისტული ხასიათის მასალები აღმოუჩინეს. წყაროების ცნობით, ამის მიუხედავად, მას ავიაკომპანიაში მუშაობის გაგრძელების უფლება მისცეს, თუმცა ადმინისტრაციულ პოზიციაზე გადაიყვანეს.
ინციდენტის გამომძიებლები ამჟამად ცდილობენ გაარკვიონ, როგორ შეძლო ეჭვმიტანილმა მოგვიანებით Fly Dubai-ში პილოტად მუშაობის დაწყება და როგორ აღმოჩნდა ისრაელის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის კაბინაში პირველი ოფიცრის პოზიციაზე.
ალ-ჰამამი ხუთშაბათს საუდის არაბეთიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს. გამოძიებასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, ის ხელისუფლებასთან „თანამშრომლობს“ და აცხადებს, რომ მისი მიზანი თვითმფრინავის ისრაელში ჩამოგდება იყო.
Fly Dubai-მ პარასკევს განაცხადა, რომ ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე თელ-ავივის მიმართულებით ფრენები „შემდგომ შეტყობინებამდე დროებით შეაჩერა“. ავიაკომპანიის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელობით სრული ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს და Fly Dubai გამოძიებას სრულად უჭერს მხარს.