არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
ფლამინგოები მხოლოდ გასაოცარი ვიზუალით სულაც არ გამოირჩევიან. ისინი აქტიური მტაცებლებიც არიან, რომლებიც მსხვერპლის მოსახელთებლად ეფექტიან ხერხს მიმართავენ. ამას ახალი კვლევა ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც, ეს ფრინველები წყალქვეშ ნაკადებს ქმნიან და საკვებს სწორედ მათი მეშვეობით "იზიდავენ".
ფლამინგოები წყალმარჩხ ადგილებში არსებულ ორგანიზმებს ჭამენ, მათ შორის არტემიებს (კიბოსნაირთა გვარი), მწერებსა და მათ ლარვებს. ასევე, აღნიშნული ფრინველები ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებით იკვებებიან, რომლებიც კაროტინოიდებს შეიცავს — პიგმენტებს, რომლებიც მათ ვარდისფერ შეფერილობას განაპირობებს.
ფლამინგოები წყალში, ლოკალურად, საკვების კონცენტრაციის მატებას ხელოვნურად იწვევენ და ასე ძებნისას ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავენ. ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც წყლის ზედაპირზე ჩანს, მაგრამ რა ხდება მის ქვეშ? ამის გასაგებად მეცნიერებმა წყალქვეშა კამერები გამოიყენეს და ბუშტუკები ლაზერით გაანათეს, რათა იქ მიმდინარე პროცესები დაეფიქსირებინათ. სპეციალისტებმა წყლის დინამიკა კომპიუტერული მოდელის მიხედვითაც გააანალიზეს, ფლამინგოების მოძრაობის გავლენა კი 3D პრინტერით დაბეჭდილი ნისკარტებისა და ფეხების მეშვეობით შეისწავლეს.
შედეგად დადგინდა, რომ ფლამინგოები ფეხებისა და ნისკარტების მოძრაობის კომბინაციით წყალში მცირე ზომის ტორნადოებს ქმნიან, რომლებიც მათი პირისკენ მიემართება. ისინი იმდენად სწრაფად ბრუნავს, რომ პატარა ორგანიზმებს — პოტენციურ საკვებს — შიგნით ითრევს თავის დაღწევის საშუალებას არ აძლევს.
ყველაფერი ფეხების მოძრაობით იწყება, როცა ფლამინგოები წყალს ამღვრევენ. ამ დროს კიდურების ტალახში ჩაფლობას თითებშორისი მოქნილი ქსოვილი ეწინააღმდეგება და ფეხის ამოწევისას პაწაწინა მორევებს ქმნის. მათ საკვებიც მოჰყვება.
ფსკერზე დადგმისას ფეხი გაშლილ მდგომარეობაშია, მაღლა აწევისას კი — პირიქით. ეს ამ ხერხს უფრო ეფექტიანს ხდის. მომდევნო ეტაპზე საქმეში უკვე ფლამინგოების L-ის ფორმის ნისკარტი ერთვება, რომელიც მეორე მორევს აჩენს. ეს უკანასკნელი საკვებს უკვე პირისკენ უბიძგებს.
საბოლოო ქმედება ნისკარტის ქვედა ნაწილის უმოძრაოდ დატოვება და ზედას სწრაფი მოძრაობაა, რაც, სავარაუდოდ, წყლის ნაკადში შვიდჯერ მეტ საკვებს იზიდავს. ეს ნისკარტის ასლის მიხედვით დაასკვნეს.
"ნისკარტის გვერდების მიმდებარედ სიმეტრიული მორევები წარმოქმნა, რომლებიც წყალში ნაწილაკებს ატრიალებდა, რათა ისინი პირში მოხვედრილიყო", — აცხადებენ მეცნიერები.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფლამინგოების ძლიერი ენა დგუშის მსგავსად მოქმედებს და წყალს ისე "ტუმბავს". ასევე, ნისკარტები თხელი წარმონაქმნებითაა დასერილი, რომელთაც ლამელა ეწოდება. ისინი ჯაგრისს მოგვაგონებს და ფრინველებს საკვების მოპოვებაში ეხმარება.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ კიდევ ბევრი ასეთი პროცესია, რომლებსაც ვერ ვხედავთ. მათ მსგავსი მექანიზმების გამოვლენა სხვა ცხოველებშიც სურთ.