ფინეთის პრეზიდენტი უკრაინელებს: თქვენ ამ ომში იმარჯვებთ - უბრალოდ განაგრძეთ ის, რასაც აკეთებთ და, საბოლოო ჯამში, თქვენ აჯობებთ და გაიმარჯვებთ ამ ომში

ალექსანდრ სტუბი

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

მან უკრაინელებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ გამარჯვება მათ მხარესაა.

„არ მინდა რჩევების მოცემა, მაგრამ მე მეჩვენება, რომ თქვენ ამ ომში იმარჯვებთ“, - მიმართა სტუბმა უკრაინელებს.

ფინეთის პრეზიდენტის მოსაზრებით, ვლადიმირ პუტინმა მიზნებს ვერ მიაღწია.

„მას სურდა ნატოს გაფართოების აღკვეთა, თუმცა ნატოში ფინეთი და შვედეთი შევიდნენ. მას სურდა, რომ ჩვენი სამხედრო ხარჯები შემცირებულიყო, ისინი კი 5%-მდე იზრდება“, - განაცხადა მან.

სტუბმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ფრონტზეც მარცხდება. მისი თქმით, ომის დაწყებიდან 12 წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 12% დაიკავა, შემდეგ კი მხოლოდ 8%. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი წინსვლამ მხოლოდ 1% შეადგინა.

„ის ფრონტზეც აგებს. როდესაც 12 წლის წინ ომი დაიწყო, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 12% დაიკავა. მას შემდეგ - კიდევ 8%. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი - 1%. დეკემბერში უკრაინელებმა 44 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და რუსეთი მათ ჩასანაცვლებლად წვევამდელების შეგროვებას ვერ ახერხებს. ჩემი პასუხია - უბრალოდ განაგრძეთ ის, რასაც აკეთებთ და, საბოლოო ჯამში, თქვენ აჯობებთ და გაიმარჯვებთ ამ ომში“, - დასძინა მან.