ფინეთის პრეზიდენტი და პრემიერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ფინეთი

ფინეთმა რაც შეიძლება მალე უნდა წარადგინოს NATO-ში გაწევრების განაცხადი, – ამის შესახებ ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტისა და  პრემიერ-მინისტრის  ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ NATO-ს წევრობა განამტკიცებს ფინეთის უსაფრთხოებას.

„გაზაფხულზე ფინეთის NATO-ში გაწევრების შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა. დრო იყო საჭირო, რათა პარლამენტს და მთელ საზოგადოებას ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინა. საჭირო იყო დრო NATO-სა და წევრ ქვეყნებთან კონტაქტებისთვის, ასევე შვედეთთან. ჩვენ გამოვყავით დრო ამ დისკუსიისთვის. ახლა გადაწყვეტილების დრო მოახლოვდა და ჩვენ საერთო აზრს გამოვხატავთ, რათა ეს ინფორმაცია ჰქონდეთ საპარლამენტო ჯგუფებს, პარტიებს. NATO-ს წევრობა განამტკიცებს ფინეთის უსაფრთხოებას. NATO-ს წევრი ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვით ალიანსს.NATO-მ რაც შეიძლება მალე, დაყოვნების გარეშე უნდა შეიტანოს ალიანსში გაწევრების განაცხადი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის შიგნით ამისთვის გადასადგმელი ნაბიჯები მომდევნო დღეებში გადაიდგმება“, – ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივ განცხადებაში.