ფინეთი NATO-ს წევრი გახდა - „პუტინმა ნახა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს, ნაკლები NATO სურდა, მაგრამ მეტი NATO მიიღო“

ფინეთი

ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაწევრიანების შესახებ განაცხადი ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს გადასცა, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი წარადგინეს დოკუმენტები, რომლებიც მათ თანხმობას ადასტურებს. ამ მომენტიდან ფინეთი ორგანიზაციის წევრად ითვლება.

“განსაკუთრებული პატივია, რომ ამ ისტორიულ დღეს NATO-ს 31-ე წევრს მივესალმოთ. რამდენიმე წუთში ფინეთის დროშას პირველად აღვმართავთ ალიანსის შტაბ -ბინასთან. დღეიდან 31 დროშა ერთად იფრიალებს სოლიდარობის ნიშნად.

ეს კარგია ფინეთის, ჩრდილოეთის უსაფრთხოებისთვის, მთლიანად ნატოსთვის. ფინეთს მნიშვნელოვანი და ბევრი შესაძლებლობის მქონე [შეიარაღებული] ძალები ჰყავს, დიდი გამოცდილებით. ძალიან ამაყი ვარ მივესალმო ფინეთს, როგორც სრულფასოვან წევრს. ასევე, იმედი მაქვს, რომ მალე შვედეთსაც მივესალმებით.

ფინეთს ახლა ყველაზე ძლიერი მეგობრები ჰყავს. პუტინს სურდა, რომ ნატოს კარი დაკეტილიყო. მან წარუმატებლობა განიცადა, ნახა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს. ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მეტი ნატო მიიღო.

ძვირფასო საული [ნიინისტო], მადლობა თქვენი ლიდერობისთვის. მადლობა, რომ წინ გაუძეხით ფინეთს ყველაზე წარმატებულ ალიანსში,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ფინეთი ათწლეულების განმავლობაში არ გეგმავდა NATO-ში გაწევრიანებას. ჰელსინკიში ეს გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღეს.