ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ემიგრაციაში მყოფ რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან დიალოგის პლატფორმის შექმნა გადაწყვიტა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ემიგრაციაში მყოფ რუსეთის დემოკრატიულ ძალებთან დიალოგის პლატფორმის შექმნა გადაწყვიტა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესტონეთის წარმომადგენლის, ერიკ-ნიილს კროსის მოხსენებაზე დაფუძნებული რეზოლუციის თანახმად, პლატფორმის მონაწილეები „უმაღლესი მორალური სტატუსის მქონე პირები“ იქნებიან, რომლებიც სხვა პირობებთან ერთად, ევროპის საბჭოს ღირებულებებს, უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ აღიარებენ და რუსეთში „რეჟიმის შეცვლის“ მიმართულებით მუშაობენ.

პარლამენტარების განცხადებით, ახალი პლატფორმა, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს შეუწყობს რუსეთის დემოკრატიული ძალების გაძლიერებას.

„პლატფორმა ხელს შეუწყობს რუსეთში მდგრადი დ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას. ამასთან, დაეხმარება უკრაინას ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. ამავდროულად პლატფორმა უზრუნველყოფს რუსი ოფიციალური პირების საერთაშორისო დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემას“, – აღნიშნავენ დეპუტატები.

ასამბლეის წევრთა განცხადებით, ისინი პატივს სცემენ „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ მებრძოლ უფლებათა დამცველებსა თუ თავისუფალ მედიას.

„პატივს ვცემთ რუსი ადამიანის უფლებათა დამცველების, დემოკრატიული ძალების, თავისუფალი მედიისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ერთგულებას, რომლებიც ტოტალიტარულ და ნეოიმპერიალისტურ რუსულ რეჟიმს ეწინააღმდეგებიან, იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის და მხარს უჭერენ უკრაინას, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ფასადაც კი“, – აღნიშნავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ცნობისთვის, პლატფორმის მონაწილეებს, რომელთა შემადგენლობაც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით უნდა განისაზღვროს, ექნებათ შესაძლებლობა ასამბლეასთან ორმხრივი გაცვლის გზით, საერთო ინტერესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღონ. ასევე, შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სესიების დროს, ცალკეული კომიტეტების შეხვედრებში.