ევროპულმა საბჭომ, რუსეთის მხრიდან დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების ფონზე, სომხური პროდუქციისთვის დროებითი ლიბერალური სავაჭრო პირობების შემოღება დაამტკიცა

ევროპული საბჭო

ევროპულმა საბჭომ, რუსეთის მხრიდან დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების ფონზე, სომხური პროდუქციისთვის დროებითი ლიბერალური სავაჭრო პირობების შემოღება დაამტკიცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს.

2 სექტემბერს ევროპულმა საბჭომ ცვლილებების გარეშე დაუჭირა მხარი ევროკომისიის წინადადებას და დაამტკიცა სომხეთიდან ევროკავშირში იმპორტისთვის დროებითი ლიბერალური რეჟიმის შემოღება.

როგორც ევროპულ საბჭოში აცხადებენ, ამის მიზანია, ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს ერევანს მოსკოვის მხრიდან სავაჭრო შეზღუდვების ფონზე და ამავდროულად გააძლიეროს სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო თანამშრომლობა.

ეს ზომები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ს შეეხება, მათ შორის იმ ახალი ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების ექსპორტის 99%-ს, რომელიც მანამდე რუსეთში გადიოდა, ასევე სასმელების ექსპორტის 91%-ზე მეტს. საქმე ეხება იმპორტის გადასახადების დროებით გაუქმებას, მათ შორის გარკვეული სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის, რომელზეც სატარიფო კვოტები მოქმედებს.

ვაჭრობის ლიბერალიზაცია ორი წლის ვადით ამოქმედდება. ამისთვის კი სომხეთს მოუწევს პროდუქციის წარმოშობის შესახებ ევროკავშირის წესების დაცვა, ევროკავშირთან სათანადო ადმინისტრაციული თანამშრომლობა, ერევნის მხრიდან ევროპულ იმპორტზე შეზღუდვების დაწესებაზე უარის თქმა და ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ძირითადი პრინციპების, მათ შორის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესრულება.

შეღავათიანი პირობები ასევე ითვალისწინებს დამცავ მექანიზმებს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე კატეგორიის პროდუქციის იმპორტი ევროკავშირის მწარმოებლების მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტი სექტემბერში ამ წინადადებას ცვლილებების გარეშე დაამტკიცებს და პროცედურა სწრაფად დასრულდება.