„მთელი ქალაქი ტირის... დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1770238432
საბჭო დღეს შეთანხმდა იმ სამართლებრივ ჩარჩოზე, რომელიც ახორციელებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ, - ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
საბჭოში აღნიშნავენ, რომ სესხი დაეხმარება ქვეყანას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიული ომის ფონზე - ამ მიზნით, სესხი კონკრეტულად მიიმართება უკრაინის საერთო ბიუჯეტისა და თავდაცვის საჭიროებების მხარდასაჭერად.
როგორც ევროპულმა საბჭომ დაადასტურა, სესხი დაფინანსდება კაპიტალის ბაზრებზე ევროკავშირის მიერ აღებული სესხებით და გარანტირებული იქნება ევროკავშირის ბიუჯეტით.
სესხის დაბრუნება სავალდებულო გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას ომის რეპარაციებს გადაუხდის. გარდა ამისა, აღნიშნული დაფინანსება ხელს შეუწყობს ევროპული და უკრაინული თავდაცვის ინდუსტრიების გაძლიერებას.
სესხების ფარგლებში ხელმისაწვდომი ფინანსური და ეკონომიკური დახმარება გაიცემა უკრაინის ფინანსური საჭიროებების შესაბამისად, რაც განისაზღვრება უშუალოდ უკრაინის მიერ მომზადებული დაფინანსების სტრატეგიით. აღნიშნული სტრატეგია საბჭომ უნდა დაამტკიცოს მას შემდეგ, რაც მას ევროკომისია შეაფასებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, დაფინანსება დაკავშირებული იქნება უკრაინის მხრიდან მკაცრი პირობების შესრულებასთან, როგორიცაა კანონის უზენაესობის დაცვა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თავდაცვის პროდუქტების შესყიდვა, პრინციპში, მხოლოდ ევროკავშირის, უკრაინის ან ევროპის ეკონომიკური ზონისა და თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EEA-EFTA) წევრი ქვეყნების კომპანიებიდან უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის სამხედრო საჭიროებები მოითხოვს ისეთი თავდაცვის პროდუქტის სასწრაფო მიწოდებას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ევროკავშირში, უკრაინასა თუ EEA-EFTA-ს ქვეყნებში, ამოქმედდება მიზნობრივი გამონაკლისების სისტემა.