ევროპული დემოკრატია კვდება, რადგან ბრიუსელი ეროვნულ არჩევნებში ერევა - ვიქტორ ორბანი

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC), სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ევროპული დემოკრატია კვდება."

"გულწრფელად ვთქვათ: ევროპული დემოკრატია კვდება. ის კვდება ეკონომიკაში წარუმატებლობის გამო, კვდება პოლიტიკური ცენზურის გამო, რადგან სოციალური ქსელების ცენზურისთვის ბრიუსელს აქვს სწრაფი რეაგირების არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, - აღნიშნა ორბანმა.

ორბანის თქმით, დემოკრატია ასევე კვდება, რადგან ბრიუსელი პირდაპირ ერევა ეროვნულ არჩევნებში და აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს.

"ბრიუსელი პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ღალატობს მათ და ეს ხდება უნგრეთშიც, აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. ისინი ღიად ითხოვენ, რომ უნგრეთში იყოს პრობრიუსელური, პროუკრაინული მთავრობა. ეს არ მოხდება. ახლა ჩვენი ჯერია, უნგრეთის ჯერია. სლოვენიაში ხვალინდელი არჩევნების შემდეგ არჩევნები უნგრეთში გაიმართება. ჩვენ ვიმყოფებით შიდაპოლიტიკურ, თუმცა რთულ სათამაშო მოედანზე, რადგან უნგრეთი 16 წლის განმავლობაში იყო ნაციონალური ძალების უძლიერესი ბასტიონი ევროკავშირში. მაგრამ ახლა რთულ პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ, რადგან ეს ბასტიონი თუ დაცემა, ეს იქნებოდა პროგრესული ძალებისთვის უდიდესი გამარჯვება. ამიტომ ეს ბრძოლა არ ეხება მხოლოდ უნგრეთს, ის განსაზღვრავს, ვინ გაიმარჯვებს ამ მატჩში ბრიუსელში. ჩვენ, უნგრელებმა, უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და შევაკავოთ პროგრესული ძალები, რომლებიც დასავლეთიდან, ბრიუსელიდან გვაწვებიან. აღმოსავლეთიდან უკრაინა გვემუქრება სანქციებით, კიევმა ნავთობის ბლოკადა მოუწყო უნგრეთს. ჩვენ უკვე მოვიგერიეთ ბრიუსელის თავდასხმა. ისინი ვერ დაასუსტებენ და ვერ დაამცირებენ უნგრეთს. ასევე უნდა ავირიდოთ უკრაინული ბლოკადა, თუმცა ყველაფერი კარგად გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია. მათ სურდათ, მაგრამ ვერ შეძლეს ჩვენი ენერგოსისტემის დესტაბილიზაცია. ფსონები მაღალია. თუ გავიმარჯვებთ, არა მხოლოდ უნგრეთი უნდა დავიცვათ, არამედ გავანადგუროთ პროგრესული ძალები ბრიუსელში. ამ არჩევნებში უნდა გავიმარჯვოთ და არ შევჩერდებით. ევროპის მომავალი მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ. გამარჯვების დროა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისივე თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრიუსელმა ევროპა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომლის შენარჩუნებაც თავად ბრიუსელისთვის შეუძლებელია.

„მიგრანტები, ტერორისტები, მუქარები, დანაშაული, ანტისემიტიზმი, ანტიქრისტიანობა და ეკონომიკური ვარდნა, სწორედ ეს მოიტანა მათმა პოლიტიკამ. "მწვანე სიგიჟემ" და მწვანე შეთანხმებამ დააზარალა ევროპული ინდუსტრია, ქარხნები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. მთელი სექტორები ქრება ევროპიდან, ხოლო მილიონობით ადამიანს სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ევროპა ბრიუსელისთვის ჯერ კიდევ არ არის პირველ ადგილზე, მათთვის პირველია უკრაინა. ბრიუსელი არ წარმოადგენს ევროპელი ხალხის ინტერესებს. აშშ-ს სურს მშვიდობა, ხოლო ბრიუსელს და კიევს – ომის გაგრძელება. ეს სრული სიგიჟეა," - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.