ევროპელები აღშფოთებული არიან აშშ-ის „სამშვიდობო გეგმით“ და აცხადებენ, რომ სტივ უიტკოფს ფსიქიატრი სჭირდება – „პოლიტიკო“

სტივ უიტკოფი

ევროპელები აღშფოთებული არიან აშშ-ის „სამშვიდობო გეგმით” და აცხადებენ, რომ სტივ უიტკოფს ფსიქიატრი სჭირდება, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

„პოლიტიკოს“ სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაში” წარმოდგენილი პუნქტები დაბრკოლებას უქმნის ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანიცაა გაყინული რუსული აქტივების მოგების საფუძველზე უკრაინისთვის კრედიტის გადაცემა, რაც კიევს რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად ესაჭიროება.

თუმცა, როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-ის 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია, ამ რუსული აქტივების აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებაზე. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-მა ამ აქტივებიდან 50%-იანი მოგება უნდა მიიღოს.

„ევროპელები თავს იკლავენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ გამოიყენონ გაყინული აქტივები უკრაინელების სასარგებლოდ, ხოლო ტრამპს კი მათგან სარგებლის მიღება სურს. ამ წინადადებას, ალბათ, ყველა უარყოფს“, – ამბობს „პოლიტიკოსთან“ საუბარში ევროპელი დიპლომატი.

ბრიუსელში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აშშ-ის გეგმაში წარმოდგენილ იდეას დაცინვით უპასუხა და აღნიშნა, რომ ტრამპს არანაირი საშუალება არ აქვს, გამოიყენოს აქტივები, რომლებიც ევროპაშია გაყინული. ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პოლიტიკოსთან საუბარში განაცხადა: „უიტკოფს ფსიქიატრთან ვიზიტი სჭირდება.“