ევროკომისიამ დაიწყო ერთჯერადი ტელეფონების და მარტივი ლეპტოპების გაცემა აშშ-ში მომუშავე ზოგიერთი თანამშრომლისთვის, რათა თავიდან აიცილონ ჯაშუშობის რისკი - „ფაინენშელ თაიმსი“

ტელეფონი

ევროკომისიამ დაიწყო ერთჯერადი ტელეფონების და მარტივი ლეპტოპების გაცემა აშშ-ში მომუშავე ზოგიერთი თანამშრომლისთვის, რათა თავიდან აიცილონ ჯაშუშობის რისკი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისრებმა და ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მომავალ კვირას გაემართებიან მსოფლიო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე, ახალი ინსტრუქციები მიიღეს.

გამოცემის წყაროს თქმით, ეს ზომები ასახავს იმას, რაც გამოიყენება უკრაინასა და ჩინეთში მოგზაურობისთვის, სადაც სტანდარტული კომპიუტერული კომპლექტების ჩატანა შეუძლებელია რუსული ან ჩინური ჯაშუშობის საფრთხის გამო.

„ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, შეაღწიოს კომისიის სისტემებში“, – აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

ოფიციალური პირების თქმით, ინსტრუქციები ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც მიემგზავრება შეერთებულ შტატებში, მოიცავს რეკომენდაციას, გამორთონ ტელეფონები საზღვარზე და მოათავსონ ისინი სპეციალურ შეფუთვაში, რათა დაიცვან ისინი ჯაშუშობისგან.