ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

ევროკავშირ

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი – „საგარეო ურთიერთობები“ გახსნა.

ევროპულ საქმეთა საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრის, თომას ბირნის განცხადებით, პირველი კლასტერის გახსნიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია.

„საგარეო ურთიერთობათა კლასტერზე მოლაპარაკებების გახსნით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მივაღწიეთ. ეს ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას, რაც შეიძლება სწრაფად განაგრძოს წინსვლა. დღევანდელ რთულ ვითარებაში ევროკავშირის გაფართოება მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის სტრატეგიული ინვესტიციაა როგორც ევროკავშირისთვის, ისე უკრაინისთვის“, – განაცხადა თომას ბირნმა.

მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-6 კლასტერის გახსნას ეხმაურება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათი განცხადებით, ეს კლასტერი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მოიცავს საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ასევე საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობასა და ჰუმანიტარულ დახმარებას.

„ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ჩვენს მოქალაქეებს უფრო უსაფრთხო, ძლიერი და კეთილდღეობაზე დაფუძნებული მომავლის შექმნასთან აახლოებს“, – აღნიშნულია მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებაში.