ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმა

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირის ელჩებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მიღწეულ შეთანხმებას. იმ დროს, როდესაც უკრაინამ სამხედრო ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები კვლავაც ასუსტებს რუსეთის საომარი ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

მისი განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი დამატებით 32 რუსულ ბანკს შეეხება. ასევე, სიაში შეყვანილია კრიპტოვალუტის კომპანიები და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმები.

როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რუსულ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის გადახედვა ერთი წლით შეჩერდება, რათა რუსეთის სამხედრო მანქანამ ბაზარზე არსებული რყევებით ვერ ისარგებლოს.

„პირველად ვაწესებთ სანქციებს იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხმარებიან. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, რათა რუს სამხედროებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ოფიციალურად აეკრძალოთ“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.