საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1786988711
გერმანია ევროკომისიას ადანაშაულებს იმაში, რომ ის ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციას ევროკავშირის საგადასახადო წესებისა და ეროვნული სუვერენიტეტის გვერდის ავლისთვის იყენებს, - წერს Euronews-ი.
აღნიშნულმა დავამ შესაძლოა შეაფერხოს ბლოკის ელექტრიფიკაციის ტემპი და იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მიმართული ძალისხმევა.
Euronews-ის მიერ მოპოვებული წერილის თანახმად, გერმანია ეწინააღმდეგება ევროკომისიის გეგმას, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგია ბუნებრივ აირზე დაბალი განაკვეთით უნდა დაიბეგროს. ბერლინის განცხადებით, ბრიუსელი ცდილობს ელექტროენერგიის ბაზრის კანონმდებლობა იმ საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოს, რომლებიც, წესით, ევროკავშირის საგადასახადო სამართლით უნდა დარეგულირდეს.
ბერლინი აცხადებს, რომ ბრიუსელი, მაღალი ფასების ფონზე ინდუსტრიის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორების ელექტრიფიკაციის დაჩქარების პარალელურად, ცდილობს მნიშვნელოვანი საგადასახადო ნორმები დააწესოს ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტით, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება და არა ერთსულოვნების პრინციპით, რაც ევროკავშირში საგადასახადო ღონისძიებებისთვის ტრადიციულად არის საჭირო.
„დიდი ეჭვი მაქვს, რომ [წინადადება] შესაძლოა კვალიფიციური უმრავლესობით იქნეს მიღებული. [ეს] ეწინააღმდეგება საგადასახადო სამართალში ერთსულოვნების მოთხოვნას. ის შეიცავს მნიშვნელოვან საგადასახადო ნორმებს და პირდაპირ ერევა ეროვნულ საგადასახადო და საბიუჯეტო სუვერენიტეტში“, - აღნიშნულია გერმანიის ფინანსთა სამინისტროს გენერალური დირექტორის, ბასტიან ფლაიგის მიერ ხელმოწერილ წერილში.
საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ელექტრიფიკაციის დაჩქარებას ცდილობს და იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმის მიზნით, ახლახან 2040 წლისთვის 46%-იანი ნიშნული დააწესა. ენერგეტიკის კომისარ დან იორგენსენის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან 48 დღის განმავლობაში ევროკავშირმა 22 მილიარდ ევროზე მეტი გადაიხადა ისე, რომ ახალი ენერგორესურსები არ შეუსყიდია.
ჰორმუზის სრუტის, როგორც კრიტიკული მნიშვნელობის საზღვაო მარშრუტის, გაურკვეველი მომავალი ბრიუსელს დამატებით ბიძგს აძლევს, ხელი შეუწყოს ელექტრიფიკაციას და შეამციროს ბლოკის დამოკიდებულება იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე. თუმცა ევროკავშირის მასშტაბით ელექტროენერგია მაინც საგრძნობლად ძვირია წიაღისეულ აირზე - ხშირად მასზე სამჯერ ან ხუთჯერ მეტიც ღირს, რაც შინამეურნეობებსა და ბიზნესებს სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლას ურთულებს.