ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

მობილური

ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

ფინეთის სამაუწყებლო კომპანიის, Yle-ს ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით ფინეთის სოციალურ საკითხთა მინისტრი კაროლინა პარტანენი გამოვიდა. პარტანენმა აღნიშნა, რომ ის ცდილობს, ეს შეზღუდვა ამჟამინდელი მთავრობის ვადაში ამოქმედდეს, რათა ბავშვების დაცვა, რაც შეიძლება დროულად მოხდეს.

„პირადად მე მჯერა, რომ ჩვენ უკეთ უნდა შევძლოთ ბავშვების დაცვა სოციალური მედიის მიერ გამოწვეული ზიანისგან“, – აღნიშნა მან.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ამ ზაფხულს ბავშვების მიმართ სექსუალური დანაშაულები მნიშვნელოვანად გაიზარდა, რასაც სოციალური მედია უწყობს ხელს.

„რა თქმა უნდა, ეს მაშფოთებს, როგორც მინისტრი, როგორც დედა და ასევე, როგორც ყოფილი იურიდიული თანაშემწე – მე ბევრ ბავშვს ვეხმარებოდი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში. იმედი მაქვს, რომ სოციალური მედიის აკრძალვა ასევე უზრუნველყოფს მხარდაჭერას, განსაკუთრებით მშობლებისთვის, რათა ის გამოყენებულ იქნას, როგორც საფუძველი სახლში სოციალური მედიის გამოყენების შესახებ საუბრებისთვის“, – აღნიშნა პარტანენმა.