მძიმე ავარია სიღნაღში - არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები
1786983345
სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით კიდევ ერთხელ დაიკითხა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე. მან კვლავ დაადასტურა, რომ კონკრეტული ბიზნესმენებისგან ქრთამის სახით მიღებული თანხა პირადად გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მოწმის ჩვენების გარდა, დანაშაულს სხვა მტკიცებულებებიც ადასტურებს, მათ შორის სატელეკომუნიკაციო ქსელებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია. გამოძიებით დგინდება, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამს უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში იღებდა.
"მოწმემ კვლავ დაადასტურა უშუალოდ მოთხოვნის მიღების, ქრთამის გადაცემის ფაქტები, ასევე ლოკაცია, რომელიც უცვლელი იყო.
ორივე ეპიზოდთან მიმართებით, ორივე ბიზნესმენი სხვადასხვა საქმიანობასა და სხვადასხვა სფეროში იყო, თუმცა დადგა მათი საქმიანობის კუთხით საჭიროება, რომ კომუნიკაცია ჰქონოდათ რომეო მიქაუტაძესთან. რომეო მიქაუტაძის მხრიდან ეს საკითხი ცნობილი იყო გრიგოლ ლილუაშვილისათვის და გრიგოლ ლილუაშვილმა მოითხოვა კონკრეტული თანხა," - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, სასამართლოზე დაკითხული მოწმე ლილუაშვილისთვის თანხის გადაცემაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნული მტკიცების დასადასტურებლად საქმეში ობიექტური მტკიცებულებები არ არსებობს. მისი თქმით, მოწმის ჩვენება მხოლოდ მის სიტყვებს ეფუძნება:
"მოწმე, რომელიც დღევანდელ პროცესზე იყო დაკითხული, რომელიც ამბობს, რომ მან აიღო ფულადი თანხები, ის თავისი კეთილდღეობისთვის უბრალოდ ამბობს, რომ ეს ფულადი თანხები მიუტანა თითქოს გრიგოლ ლილუაშვილს. მაგრამ, ამის სამტკიცებლად და მადასტურებლად არ არსებობს არანაირი სახის ობიექტური მტკიცებულება," - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე