1692302192
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი ცდილობს ევროპა ბაყაყივით მოხარშოს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცახკნას განცხადებით, რუსეთი ევროპაზე თავდასხმებს უკვე ახორციელებს და აღნიშნული საფრთხის უგულებელყოფა აღარ შეიძლება.
ცახკნას თქმით, მას არ სჯერა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაში სრულმასშტაბურ შეჭრას შეძლებს, თუმცა, ამავდროულად, ყურადღებას ამახვილებს „ტერორისტული თავდასხმების“ რაოდენობის ზრდაზე.
„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ თვალი დავხუჭოთ ამ თავდასხმებზე და ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ცალკეული ინციდენტი ან ჰიბრიდული შეტევაა“, - გააფრთხილა მან საზოგადოება.
ესტონეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები ჯერ არ აღწევს იმ ზღვარს, რომელიც ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, მან ხაზი გაუსვა ამ ბოროტგანზრახულ ქმედებებზე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის საჯაროდ დაკისრების აუცილებლობას.
„ისინი [რუსეთი] ზრდიან ზეწოლას და წლების განმავლობაში ცდილობენ ევროპა ბაყაყივით მოხარშონ, შემდეგ კი გამოსცადონ და დაშალონ ჩვენი ერთიანობა“, - განაცხადა ცახკნამ.












