ესპანეთში ქალებს თვეში ერთხელ სამდღიანი მენსტრუალური შვებულების აღება შეეძლებათ

ციკლი

ესპანეთის ახალი რეფორმის მიხედვით, ქალებს, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, ყოველთვიურად სამდღიანი შვებულების აღება შეეძლებათ. ესპანეთის მთავრობა ამ რეფორმის დამტკიცებას მომავალ კვირას გეგმავს. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს. 

რეფორმის დამტკიცების შემდეგ ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ქალებს მენსტრუალური შვებულების აღების უფლებას აძლევს. ამ ეტაპზე აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდონეზიაში, ქალებს მენსტრუალური შვებულების უფლება უკვე აქვთ.

ესპანეთის მეანობა-გინეკოლოგიის საზოგადოების თანახმად, ქალების მესამედი მენსტრუაციის დროს ძლიერ ტკივილს განიცდის, რასაც დისმენორეა ეწოდება. დისმენორეის ძირითადი სიმპტომები მუცლის მწვავე ტკივილი, თავის ტკივილი, დიარეა და ცხელებაა.