ესპანეთში დააკავეს თაღლითები, რომლებიც თავს ბრედ პიტად ასაღებდნენ და მსხვერპლებს 300 ათას ევროზე მეტი გამოსძალეს

ბრედ პიტი

ესპანეთში დააკავეს 5 დამნაშავე, რომლებმაც ორ ქალს დაახლოებით 325 ათასი ევრო გამოსძალეს - თაღლითები თავს ჰოლივუდის მსახიობ ბრედ პიტად ასაღებდნენ.

ადგილობრივი El Correo წერს, რომ კიბერდამნაშავეებმა დაზარალებულები მსახიობის თაყვანისმცემლებისთვის შექმნილ ონლაინ-პლატფორმებზე იპოვეს. სოციალური ქსელების დახმარებით, ისინი ემოციურად მოწყვლად ქალებს ირჩევდნენ, რომლებსაც დეპრესიის ნიშნები ჰქონდათ და მესენჯერებით ან ელექტრონული ფოსტით უკავშირდებოდნენ.

შემდეგ პიტის სახელით ქალებთან რომანტიკულ მიმოწერას იწყებდნენ და მსახიობთან ერთობლივ პროექტებში თანხის ინვესტირებას სთავაზობდნენ.

გამოძიება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა ქალმა სამართალდამცველებს მიმართა. პოლიციამ თაღლითების მსხვერპლებს 85 ათასი ევრო უკვე დაუბრუნა, გამოძიება დღესაც გრძელდება.