“ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 31 მარტი საფრანგეთის დემოკრატიისთვის შავი დღეა" - მარინ ლე პენი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ნკ

"შავი დღე საფრანგეთის დემოკრატიისთვის", - ასე აფასებს პარტიის "ეროვნული გაერთიანება" საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

"ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 31 მარტი საფრანგეთის დემოკრატიისთვის შავი დღეა. მიღებული გადაწყვეტილებით კანონის უზენაესობის პრინციპები სრულად დაირღვა. განაჩენი არ იძლევა ეფექტურად გასაჩივრების შესაძლებლობას, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოითხოვს", - განაცხადა მარინ ლე პენმა.

საფრანგეთის მართლმსაჯულებამ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, აქედან ორი წელი პირობითია, ორი წელი კი ელექტრონული მეთვალყურეობის სამაჯური უნდა ატაროს. ოპოზიციის ლიდერს 100 000 ევროს ჯარიმის გადახდაც მოუწევს. მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურასაც ვერ წარადგენს. ფრანგული სამართლის შესაბამისად, განაჩენი სააპელაციო პროცესის დასრულებამდე სისრულეში არ მოდის, თუმცა მოსამართლემ გამონაკლისი დაუშვა და ლე პენს 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობა აპელაციის გარეშე აუკრძალა.