ეს ომი მათ წამოიწყეს, ჩვენ ძალას ვიყენებთ მის შესაჩერებლად - პუტინი

პუტინი

რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ გადავჭრით სპეცოპერაციის ამოცანებს, მე დღეს ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს, როცა თითოეულ ჩვენგანს კოლოსალური პასუხისმგებლობა გვეკისრება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე დღეს ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს და მსოფლიოსთვის კარდინალური, შეუქცევადი ცვლილებების დროს, ისტორიული მოვლენების დროს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალს, როცა თითოეულ ჩვენგანს კოლოსალური პასუხისმგებლობა გვეკისრება“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა საუბარი უკრაინაში ერთი წლის წინ დაწყებული ე.წ. „სპეცოპერაციით“ დაიწყო და აღნიშნა, რომ რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწყვეტს სპეცოპერაციის ამოცანებს.

„ერთი წლის წინ ჩვენს ისტორიულ მიწებზე ხალხის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარე საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც წარმოიშვა უკრაინაში 2014 წლის გადატრიალების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და თანმიმდევრულად გადავჭრით ჩვენს წინაშე არსებულ ამოცანებს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე მტკიცებით, რუსეთი დონბასში კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანი გზით ცდილობდა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მართლაც ყველაფერი, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაგვეჭრა. ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს რთული კონფლიქტის მშვიდობიანი გამოსავლის გამონახვასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან სრულიად განსხვავებული სცენარი მზადდებოდა", - განაცხადა პუტინმა.