„ერთი წელია წყალი არ დამილევია... მასთან ნებისმიერი შეხებისას ცუდად ვხდები... ვეღარც ვტირი" - რას ჰყვება ამერიკელი გოგონა, რომელსაც უიშვიათესი დაავადება სჭირს

აბიგაილი

არიზონაში მცხოვრებ 16 წლის აბიგაილ ბექს უკვე ერთი წელია, რაც წყალი არ დაულევია. წყალთან ნებისმიერი შეხებისას ის ცუდად ხდება და პირღებინება ეწყება. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, აბიგაილი უიშვიათესი დაავადების, აკვაგენური ურტიკარიას, მატარებელია. დაავადება ჭინჭრის ციების იშვიათი ფორმაა,  რომელიც წყალთან შეხების შემდეგ გამონაყარს იწვევს. 

„ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველი მენსტრუაცია მომივიდა. სიმპტომებმა თავი ნელ-ნელა იჩინა. საკმარისი იყო წვიმაში მოვყოლოდი, რომ კანზე საშინლად მაყრიდა. ცრემლებზეც კი ორგანიზმს  საშინელი რეაქცია ჰქონდა, სახე მაშინვე მიწითლდებოდა და ძალიან მტკიოდა. წყალს ვსვამდი თუ არა გული მიჩქარდებოდა და პირღებინება მეწყებოდა - დღემდე ასეა. ამ ყველაფერს თავი რომ ავარიდო ერთი წელია წყლის მაგივრად წვენებს ვიღებ და სპეციალურ რეჰიდრატაციის ტაბლეტებს ვსვამ",- ამბობს აბიგაილი. 

მკვლევრები ჯერ კიდევ მუშაობენ იმის დასადგენად თუ რა იწვევს აკვაგენურ ურტიკარიას. ჯერჯერობით მასზე ბევრი არაფერია ცნობილი.