ემანუელ მაკრონის განცხადებით, ერაყში თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა

ემანუელ მაკრონი

 საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ერაყის ერბილის რეგიონში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

მისი თქმით, გარდაცვლილია სამხედრო მოსამსახურე არნო ფრიონი, რომელიც სამთო-მსროლელთა მეშვიდე ბატალიონის წევრი იყო. მაკრონი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.

„ეს თავდასხმა ჩვენს ძალებზე, რომლებიც 2015 წლიდან „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან, მიუღებელია. ისინი ერაყში ტერორიზმთან ბრძოლის მკაცრი ჩარჩოების ფარგლებში იმყოფებიან. ირანში ომი მსგავს თავდასხმებს ვერ გაამართლებს“, - დასძინა საფრანგეთის ლიდერმა.

ცნობისთვის, გუშინ ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერაყის ჩრდილოეთში, ერბილის რეგიონში დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ექვსი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.