რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურმა (NHS) ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რომელიც განუკურნებელი ტიპის ძუძუს კიბოს გავრცელებას ანელებს. ოფიციალურმა პირებმა განცხადება პარასკევს გააკეთეს.
მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ პრეპარატ კაპივასერტიბის დამტკიცებას "გადამწყვეტი მომენტი" უწოდეს. მათი თქმით, მისით სარგებლობა ყოველწლიურად 1 000-ზე მეტ ქალს შეუძლია. პრეპარატი HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ტიპის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება. აბი ყოველწლიურად, დღეში ორჯერ, მიიღება.
მედიკამენტი, ასევე ცნობილი, როგორც "ტრუქაპი", ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკას მიერაა დამზადებული. პრეპარატი დაავადების განვითარების შენელებას ან შეჩერებას უზრუნველყოფს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო დიდხანს ცხოვრებასაც შეძლებს.
"ძუძუს კიბოს მქონე ადამიანებისთვის ისეთი მკურნალობის მეთოდის არსებობა, როგორიც კაპივასერტიბია, მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევანი შეზღუდულია. გარდა ამისა, ამ პრეპარატმა შეიძლება, ადამიანს ქიმიოთერაპიის საჭიროება და მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები თავიდან აარიდოს", — განაცხადა NICE-ის მედიკამენტების შეფასების განყოფილების დირექტორმა, ჰელენ ნაიტმა.
ძუძუს კიბოს გარკვეული გენეტიკური მუტაციები ახასიათებს და შეუძლია, როგორც ძუძუს ქსოვილში, ისე სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდეს. აბი კიბოს უჯრედების მექანიზმზე მოქმედებს, კონკრეტულად, იმ პროტეინს ბლოკავს, რომელიც მას გამრავლებას "უბრძანებს".
კლინიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კაპივასერტიბი ჰორმონულ საშუალება ფულვესტრანტთან ერთად დაავადების პროგრესირებას დაახლოებით 4.2 თვით აფერხებს. ეს ფულვესტრანტისა და პლაცებოს კომბინაციის შედეგზე გაცილებით მეტი დროა. ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა (ICR) NICE-ის ეს ნაბიჯი მოიწონა. ის მეცნიერთა ათწლეულების მუშაობას ეფუძნება.
"ეს ნამდვილი წარმატებაა. პრეპარატი მკურნალობას გააუმჯობესებს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული და რთული ფორმა აქვთ", — თქვაკრისტიან ჰელინმა, ICR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — "ამ ტიპის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების დაახლოებით ნახევარს ერთ ან ერთზე მეტ გენში აქვს მუტაცია. კაპივასერტიბი დაავადების პროგრესირებას სწორედ ასეთ შემთხვევებში უშლის ხელს".
NICE-ის ინფორმაციით, 2020 წელს ინგლისში ძუძუს კიბოს დიაგნოზი 40 192 ადამიანს დაუსვეს, საიდანაც თითქმის 15 პროცენტს დაავადება უკვე განვითარებულ სტადიაზე ჰქონდა.