ძროხებში ფრინველის გრიპი გავრცელდა - მეცნიერები შესაძლო პანდემიის შესახებ გვაფრთხილებენ

 ძროხა

 მეცნიერები აცხადებენ, რომ ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი (HPAI) აშშ-ს რძის მწარმოებელ ფერმებში გარეული ფრინველიდან გავრცელდა. ეს მიგნება საგანგაშოა, რადგან დაავადება ევოლუციასა და სახეობებს შორის გადაადგილებას განაგრძობს. ეს თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ვირუსის პანდემიური პოტენციალი იზრდება.

HPAI ვირუსები ცხოველთა ჯანმრთელობისთვისა და სოფლის მეურნეობისთვის სერიოზული საფრთხეა. გარდა ამისა, ეს პოტენციურად ადამიანებისთვისაც საშიშია, რადგან დაავადებას სახეობათაშორისი ბარიერების გადალახვის უნარი აქვს. განსაკუთრებული ყურადღება H5N1-ის შტამს — 2.3.4.4b ექცევა, რომელიც მსოფლიოში უკვე გავრცელდა. მან გარეული და შინაური ფრინველები და სხვადასხვა ძუძუმწოვრები დააინფიცირა. ვირუსი მცირე რაოდენობით ადამიანებშიც მოხვდა, რაც მის პანდემიურ პოტენციალზე მიუთითებს.

2024 წელს ეს შტამი აშშ-ს რამდენიმე შტატში მეწველ პირუტყვში დააფიქსირეს. ეს ფაქტი მოულოდნელი იყო, რადგან ჩვეულებრივ ძროხები ამ ვირუსთან არ ასოცირდებოდნენ. მისი განვითარებისა და გავრცელების შესასწავლად თაო-კიენ ნგუიენმა და მისმა კოლეგებმა 100-ზე მეტი ვირუსის გენეტიკური მონაცემები შეაგროვეს. კვლევაშიფრინველის გრიპის ნაკლებად სახიფათო შტამები და ინფიცირებული ძროხების გენომები შეისწავლეს. მკვლევრების შეფასებით, ფრინველიდან ვირუსი პირუტყვზე მხოლოდ ერთხელ 2023 წლის შუა პერიოდში, ტეხასში, გადავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს შემთხვევა შეუმჩნეველი დარჩა, ერთი ძროხიდან სხვებიც დაინფიცირდნენ.

მას შემდეგ, რაც ვირუსი ძროხების პოპულაციაში მოხვდა, მან გავრცელება სწრაფად დაიწყო. ინფიცირებული ან სიმპტომების არმქონე ცხოველების გადაადგილებამ ვირუსი ტეხასიდან სხვადასხვა შტატშიც გაავრცელა. პირუტყვიდან ის ფრინველებში, ენოტებში, შინაურ კატებსა და სხვა ორგანიზმებში მოხვდა. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსმა ისეთი მუტაციები განავითარა, რომლებიც ძუძუმწოვრებზე მარტივად გადადის.

"ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ A ტიპის გრიპის ვირუსი საერთაშორისო პათოგენია. მის წინააღმდეგ კონტროლის სააგენტოებისა და ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციებს შორის შეთანხმებული მოქმედებაა საჭირო. ამით მოსალოდნელი პანდემიის რისკი შემცირდება", - წერენ კვლევის ავტორები.