ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან მე და ვლადიმერ პუტინს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა - არ ვიცი, რატომ აგრძელებს ომს, ეს ომი მისთვის ძალიან ცუდი იყო - დონალდ ტრამპი

პუტინი და ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ძალიან იმედგაცრუებულია“ რუსეთის პრეზიდენტით, ვლადიმერ პუტინით უკრაინის ომის გამო.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან მე და ვლადიმერს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ალბათ, ისევ გვაქვს. არ ვიცი, რატომ აგრძელებს ის ამ ომს. ეს ომი მისთვის ძალიან ცუდი იყო. ის ოთხწლიან ომში შედის. მას ეს ომი ერთ კვირაში უნდა მოეგო. ის მალე მეოთხე წელს დაიწყებს. მან მილიონ-ნახევარი ჯარისკაცი დაკარგა. რა თქმა უნდა, დაჭრილების და ყველა იმ რამის ჩათვლით, რაც საშინელ ომებში ხდება. ეს საშინელი ომია. ეს არის ყველაზე დიდი მოვლენა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა სიკვდილიანობის თვალსაზრისით. ის უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი მათგანი. მე რვა მათგანი მოვაგვარე. ეს არის ყველაზე დიდი სიკვდილიანობის თვალსაზრისით. წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ინდოეთსა და პაკისტანს დიდი პოტენციალი ჰქონდათ. ჩვენ შესანიშნავი სამუშაო შევასრულეთ ამ ომში, მაგრამ მან ნამდვილად უნდა მოაგვაროს ეს ომი. იცით, რომ ახლა რუსეთში ბენზინის მოლოდინში გრძელი რიგები დგას. დიახ. ისინი დგანან გრძელ რიგებში, ვინ იფიქრებდა, რომ ეს მოხდებოდა და უცებ ეს ეკონომიკა ჩამოიშლებოდა. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას უბრალოდ არ სურს ამ ომის დასრულება და მე ვფიქრობ, რომ ეს მას ძალიან ცუდად წარმოაჩენს. მას შეუძლია, დაასრულოს ეს. მას შეუძლია, სწრაფად დაასრულოს. უნდა გითხრათ, რომ მე ვაფასებ ამას, რადგან ვის წარმოედგინა, რომ უკრაინას შეეძლო რუსეთთან ოთხი წლის განმავლობაში ებრძოლა და ფაქტობრივად ჩიხამდე მიეყვანა? ბაიდენს ეს არასდროს უნდა დაეშვა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა, მაგრამ ეს რუსეთის იმიჯს კარგი კუთხით არ წარმოაჩენს“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე ზელენსკის ვიზიტთან და უკრაინისთვის „ტომაჰავკის” ტიპის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იცის, რომ ზელენსკის „ტომაჰავკები” სურს.

„ჩვენ უკრაინაზე ვისაუბრებთ. დიახ, პრეზიდენტი პარასკევს მოდის და ჩვენ ვიცით, რა აქვს სათქმელი. მას იარაღი უნდა. მას სურს, რომ ჰქონდეს „ტომაჰავკები“, რომლებიც ყველას სურს. ჩვენ კი ბევრი „ტომაჰავკი“ გვაქვს”,- თქვა ტრამპმა.