დონალდ ტუსკი: ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინის დახმარებაზე, რადგან ომს თუ წააგებს, პოლონეთში ვითარება რადიკალურად უარესობისკენ შეიცვლება

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთის გეოპოლიტიკური მომავალი ოპტიმისტურად გამოიყურება, თუმცა ეს უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული.

როგორც ტუსკმა პოლონურ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინა ომს თუ წააგებს, პოლონეთში ვითარება მკვეთრად უარესობისკენ შეიცვლება.

პოლონეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურმა ვარშავამ რეგიონში თავისი საკვანძო პოზიცია სტრატეგიულად უნდა გამოიყენოს და უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს.

„სუვერენულ უკრაინასთან ძლიერი, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესების დავიწყების გარეშე, პოლონეთისთვის დიდი შესაძლებლობაა. ამიტომ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინის დახმარებაზე, რადგან ომს თუ წააგებს, პოლონეთში სიტუაცია რადიკალურად უარესობისკენ შეიცვლება. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტად ვრჩები. არ არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც უკრაინამ შეიძლება, წააგოს“, – განაცხადა ტუსკმა.

ტუსკი ასევე გამოეხმაურა 9-10 სექტემბრის ღამეს მომხდარ ინციდენტს, როდესაც რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს და ამას კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი უწოდა. როგორც ტუსკმა აღნიშნა, დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება რთული იყო.

„არავის სურს შემთხვევით მესამე მსოფლიო ომის დაწყება, მაგრამ დანებება და პროვოკაციების ატანა არსაითკენ მიმავალი გზაა“, – აღნიშნა ტუსკმა.