დონალდ ტრამპს არ სურს გრძელვადიანი უთანხმოება ილონ მასკთან - ჯეი დი ვენსი

მასკი და ტრამპი

დონალდ ტრამპს არ სურს გრძელვადიანი უთანხმოება ილონ მასკთან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

ვენსის თქმით, მას საუბარი ჰქონდა როგორც მასკთან, ისე ტრამპთან, რათა დარწმუნებულიყო, რომ მასკი საჯაროდ მხარს უჭერს პრეზიდენტის დღის წესრიგს.

ჯეი დი ვენსმა ასევე აღნშნა, რომ ტრამპის გუნდი მადლიერია იმისთვის, რაც მილიარდერმა მასკმა ადრეულ ეტაპზე გააკეთა მთავრობის უფრო ეფექტურად მუშაობისთვის.

„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა: ერთია, რომ ილონმა რამდენიმე მიუღებელი რამ თქვა და პრეზიდენტი სამართლიანად არის გაბრაზებული ამის გამო, მაგრამ ასევე წარმატებას უსურვებს ილონს და არ აქვს სურვილი, მასთან რაიმე გრძელვადიანი უთანხმოება ჰქონდეს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ ილონ მასკა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ დაწერილ ზოგიერთ პოსტს ნანობს. მასკის თქმით, სოციალუ ქსელში პოსტები ძალიან ზედმეტი იყო.

დაპირისპირება ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროში და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. ის აგრეთვე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხ ტრილიონ დოლარამდე გაზრდას. მასკმა აღნიშნულ კანონპროექტს „საზიზღარი სისაძაგლე“ უწოდა და თქვა, რომ ის ქვეყანას „დამანგრეველი ვალებით“ დატვირთავს.