დონალდ ტრამპმა ორ მერყევ შტატში გაიმარჯვა, ხოლო სამში ლიდერობს - CNN-ის წინასწარი მონაცემები

დონალდ ტრამპი

„სიენენის“ წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ორ მერყევ შტატში გაიმარჯვა, ხოლო სამში ლიდერობს. მედიის ინფორმაციით, ტრამპი გამარჯვებულია ჩრდილოეთ კაროლინაში და ჯორჯიაში. პენსილვანიაში, სადაც დათვლილია ხმების 93% დონალდ ტრამპს 51,1% აქვს, ხოლო ჰარისს – 47,8%.

არსებული ცნობით, მიჩიგანში დათვლილია ხმების 61%, ტრამპს აქვს 52%, ხოლო ჰარისს 46%. რაც შეეხება ვისკონსინს, დათვლილია ხმების 86%. ტრამპს აქვს 51,2%, ჰარისს – 47,2%.

„სიენენის“ ინფორმაციით, საარჩევნო კოლეგიაში ახლა ტრამპს აქვს 246 ხმა, ხოლი ჰარისს 187.

გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა. ამ რაოდენობის ხმების მოსაგროვებლად ტრამპს 3 მერყევი შტატიდან, სადაც ის ამჟამად ლიდერობს, 2-ში სჭირდება გამარჯვება.

ცნობისთვის, აშშ-ის საარჩევნო სისტემაში გადამწყვეტ როლს საარჩევნო კოლეგია თამაშობს, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. საარჩევნო კოლეგიაში სულ 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა 270 ხმა უნდა მოიპოვოს.