დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ემხრობა უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით დარეგულირებას, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა არა მოსკოვის გამო

პესკოვი

რუსეთი ემხრობა უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით დარეგულირებას, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა არა მოსკოვის გამო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ამ კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებას ვამჯობინებთ. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და რუსული მხარე ამ გზისთვის ღია რჩება. თუმცა, ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ შეიქმნა პაუზა. სიტუაცია ჩიხშია და ეს ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენს თანამოსაუბრეებს არ სურთ საუბრის გაგრძელება და ყველაფერს აკეთებენ ევროპელების წაქეზებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინას შეუძლია ომის მოგება და თავისი ინტერესების დაცვა სამხედრო გზით“, – თქვა პესკოვმა.

ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინის მდგომარეობა ფრონტზე მხოლოდ გაუარესდება. მან მცდარი უწოდა კიევის მოსაზღრებას, რომ უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება.

„ფრონტებზე არსებული სიტუაცია აჩვენებს საპირისპიროს: ის საკმაოდ დინამიურია და ნათლად მეტყველებს კიევის რეჟიმის მდგომარეობის პერსპექტივაზე, რომელიც აუცილებლად ყოველდღიურად გაუარესდება“, – განაცხადა პესკოვმა.