დილით ყავის დალევა, შესაძლოა, განწყობას გვიმაღლებდეს - კვლევა

ყავა

 ახალი კვლევის თანახმად, ყავის ანდა კოფეინის შემცველი სხვა სასმელების რეგულარულად მიღება ხასიათის მკვეთრ გაუმჯობესებას უკავშირდება. ნაშრომზე ბილეფელდისა და უორვიკის უნივერსიტეტების მეცნიერები მუშაობდნენ, მათი მიგნებები კი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

ნაშრომის მიხედვით, აღნიშნული ეფექტი კოფეინის დილით მიღებისას განსაკუთრებით ძლიერია. კვლევის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ყავის დალევის შემდეგ თავს უფრო ბედნიერად და ენერგიულად გრძნობდნენ.

გარდა ამისა, მეცნიერებმა კავშირი კოფეინის მიღებასა და უარყოფითი გრძნობების შემცირებას შორისაც აღმოაჩინეს. ეს ეფექტი უფრო სუსტი იყო. იგი, განსხვავებით პოზიტიური ემოციების მატებისგან, დღის მონაკვეთზე არ იყო დამოკიდებული.

 4-კვირიან ექსპერიმენტში გერმანიაში მცხოვრები 236 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი თავიანთ სმარტფონებზე მოკლე გამოკითხვას ავსებდნენ დღეში შვიდჯერ. უნდა აღენიშნათ, ხომ არ მიუღიათ კოფეინიანი სასმელი ბოლო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედა თუ არა ამან განწყობაზე.

"საინტერესოა, რომ შედეგების მხრივ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია კოფეინის განსხვავებული ოდენობით მიღებას ან დეპრესიისა და შფოთვის განსხვავებულ ხარისხს. კოფეინის მიღებასა და დადებით ან უარყოფით ემოციებს შორის კავშირი ყველა ჯგუფში საკმაოდ თანმიმდევრული იყო", — ამბობს ჯასტინ ჰახენბერგერი ბილეფელდის უნივერსიტეტიდან.

მკვლევრები კოფეინის ამგვარ ეფექტს ადენოზინის რეცეპტორების დაბლოკვით ხსნიან. ამის გამო ადამიანები უფრო ფხიზლები და ენერგიულები ხდებიან. ადენოზინის რეცეპტორების დაბლოკვით კოფეინი ტვინის ძირითად უბნებში დოფამინის აქტივობას ზრდის. კვლევებით დასტურდება, რომ ეს განწყობის გაუმჯობესებასთან და მეტ სიფხიზლესთან არის დაკავშირებული.

 მკვლევრების თქმით, გაღვიძებისას პირველი ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ კოფეინის ზომიერი მომხმარებლებიც კი გრძნობენ შვებას — მათ ძილის შემდგომი უსიამოვნო შეგრძნებები კოფეინთან ერთად მეტწილად უქრებათ.

ცნობილია, რომ მსოფლიოს მასშტაბით კოფეინიან სასმელებს ზრდასრულთა დაახლოებით 80% მოიხმარს. ასეთ მასტიმულირებელ ნივთიერებებს ადამიანები უძველესი დროიდან ვიყენებთ.

ამის მიუხედავად, კვლევის ავტორები გვაფრთხილებენ, რომ კოფეინმა შეიძლება დამოკიდებულება გამოიწვიოს. მისი გადაჭარბებული მიღება ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკთანაა დაკავშირებული.