1736011591
დიდ ბრიტანეთში 52 წლის წინ გაუჩინარებული ქალი ცოცხალი იპოვეს - The Guardian
ქალი, რომელიც 1972 წელს დიდ ბრიტანეთში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
შეილა ფოქსი, რომელიც ახლა 68 წლისაა, 1972 წელს, 16 წლის ასაკში ინგლისის ქალაქ კოვენტრიდან გაუჩინარდა.
იმ დროს ვესტ მიდლენდის პოლიციამ განაცხადა, რომ ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და შესაძლოა უცნობ კაცთან ჰქონოდა ურთიერთობა. პოლიცია არ გამორიცხავდა შესაძლებლობას, რომ გოგონას ტერიტორია დაეტოვებინა.
გასულ კვირას ვესტ მიდლენდის პოლიციამ ფოქსის პოვნაში დახმარებისთვის ახალი მიმართვა გაავრცელა, თავის ვებსაიტსა და სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ქალის გაუჩინარების დროს გადაღებული ფოტო.
ფოტოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში საზოგადოების წევრებმა სამართალდამცავებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მათ ქალის პოვნაში დაეხმარა.
ერთი დღით ადრე პოლიციამ დაადასტურა, რომ ფოქსი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. უწყების ცნობით, ის ქვეყნის სხვა ნაწილში ცხოვრობდა.
„მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ ვესტ მიდლენდის პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გამოძიების დასრულება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ“, - განაცხადა პოლიციამ.