დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასირებულ დარტყმებს ამზადებენ, პარტნიორებთან ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მიწოდებები არასაკმარისია - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმების მომზადების შესახებ და მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს.

მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს არ ჰყოფნით რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც იერიშების მოგერიებისთვის არის საჭირო.

„ამ ეტაპზე დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასირებულ დარტყმებს ამზადებენ. ჩვენ პარტნიორებთან გულწრფელად ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის რაკეტებზე და იმ სისტემებზე, რომლებიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მიწოდებები არასაკმარისია“, – განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ მიმართვაში.

მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მიიღო საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნიკი რაკეტების მნიშვნელოვანი პარტია.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული დარტყმების შედეგად უკრაინის ბევრი ქალაქი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.