შეუძლიათ, თუ არა მამაკაცებს დაორსულება? - მწვავე დაპირისპირება აშშ-ის სენატში

ამერიკელი სენატორები

„შეუძლიათ, თუ არა მამაკაცებს დაორსულება?“ - ამ კითხვას აშშ-ის სენატში მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოთხშაბათს, აშშ-ის სენატის ჯანმრთელობის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქიმიური აბორტის პრეპარატების საფრთხეებს ეხებოდა. სწორედ ამ სხდომაზე, სენატორებსა და სპეციალურად მოწვეულ ექიმს შორის, მამაკაცის შესაძლო დაორსულების საკითხზე განვითარებული დისკუსია საბოლოოდ, მხარეთა დაპირისპირებით დასრულდა.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა სენატორმა, ეშლი მუდიმ სხდომაზე მოწვეულ მეან-გინეკოლოგ ნიშა ვერმას ჰკითხა, შეეძლოთ თუ არა მამაკაცებს დაორსულება. ექიმმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და აღნიშნა, რომ იგი სხვადასხვა იდენტობის მქონე პაციენტებს მკურნალობს და ამ საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა პოლიტიზებული იქნებოდა.

კამათში კიდევ ერთი სენატორი, ჯოშ ჰოულიც ჩაერთო, რომელმაც ექიმს მოუწოდა, პასუხი მეცნიერულ რეალობაზე დაყრდნობით გაეცა:

„ჩვენი მიზანი სიმართლის დადგენაა. შეუძლიათ მამაკაცებს დაორსულება? არა! ეს მარტივი კითხვა და მარტივი პასუხია, რომელიც მეცნიერულ ფაქტს ეფუძნება“, - განაცხადა ჰოულიმ.

მოგვიანებით, ჰოულიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ვიდეო, წარწერით: „მამაკაცები ვერ ორსულდებიან. ეს არ არის რთული კითხვა.“

ამერიკულ მედიაში ვარაუდობენ, რომ გენდერული იდენტობისა და აბორტის საკითხები, 2026 წლის შუალედური არჩევნების წინ, წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.