1758787593
დანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა ნატო-ს მე-4 მუხლის გააქტიურებას გეგმავს

დანია ნატო-ს მე-4 მუხლის გააქტიურებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ტროელს ლუნდ პოულსენი ავრცელებს.
დანიაში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. მე-4 მუხლი თუ გააქტიურდება, ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება.
ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, დანიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ იძებნება.
მისივე თქმით, დრონების უკან „პროფესიონალი“ დგას და მომხდარი „ჰიბრიდული თავდასხმაა“.
მანამდე დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობის გამორიცხვა შეუძლებელია.
ცნობისთვის, ნატოს მე-4 მუხლი ალიანსის ისტორიაში სულ შვიდჯერ აამოქმედეს. ბოლოს 2022 წელს ამოქმედდა, როდესაც ეს აღმოსავლეთ ევროპის რიგმა ქვეყნებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოითხოვა.