ესპანეთმა და იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო ხომალდები გაგზავნეს, რომლებსაც ღაზის სექტორში დახმარების მიმწოდებელი „სუმუდის გლობალური ფლოტის“ დაცვა ევალებათ

საზღვაო ხომალდები

ესპანეთმა და იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო ხომალდები გაგზავნეს, რომლებსაც ღაზის სექტორში დახმარების მიმწოდებელი „სუმუდის გლობალური ფლოტის“ დაცვა ევალებათ.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა, რომ იტალიამ ღაზის სექტორის მიმართულებით მეორე გემი გაგზავნა, რომელიც საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთული გემების უსაფრთხოებას დაიცავს.

„ჩვენ ერთი გემი გავგზავნეთ და მეორე გზაშია, მზად ვართ ნებისმიერი სიტუაციისთვის“, – თქვა კროსეტომ პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლისას.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთმა გემი წინა დღეს გაგზავნა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო წყლებში GSF-ის გემებზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, „სუმუდის გლობალური ფლოტი“ ისრაელის მიერ ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მიზნით დაახლოებით 50 სამოქალაქო ნავს იყენებს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო GSF-ს მოუწოდებს ჰუმანიტარული დახმარება ისრაელის პორტში მიიტანონ და ღაზაში მისი განაწილება ისრაელის ხელისუფლებას მიანდონ.