დანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ამცირებს

დანია და უკრაინა

დანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დანია უკრაინის სამხედრო დახმარებას ამცირებს. როგორც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი DR იუწყება, 2026 წელს დანიის ხელისუფლებას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 9,4 მილიარდი კრონი (1,26 მილიარდი ევრო) აქვს გათვალისწინებული, მაშინ როდესაც გასულ წელს დახმარების მოცულობა 16,5 მილიარდ კრონას (2,21 მილიარდ ევროს) შეადგენდა, ორი წლის წინ კი – თითქმის 19 მილიარდ კრონა (2,54 მილიარდ ევროს).

როგორც დანიის საზოგადობრივი მაუწყებელი აღნიშნავს, ამის შესახებ ნათქვამია დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის პასუხში თავდაცვის კომიტეტის კითხვაზე.

პუბლიკაციაში მოყვანილია კილის ინსტიტუტის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, დანიამ უკრაინას  ყველაზე დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა მშპ-ს პროცენტებში გაანგარიშებით.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ვიყოთ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც ომის დასაწყისში აიღო საკუთარ თავზე ლიდერობა მასშტაბური მხარდაჭერის აღმოჩენით. ასევე, მიმაჩნია სამართლიანად ვთქვა, რომ ეს მხარდაჭერა აღემატება იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის ზომა გვკარნახობს. ამიტომ, სავსებით ბუნებრივი მგონია, რომ ეს მხარდაჭერა მცირდება“, – განაცხადა თავდაცვის კომიტეტის წევრმა, საიმონ კოლერუპმა.