1734086254
Daily Express: ტრამპის მომხრეებმა ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა დაიწყეს, რადგან შიშობენ, თუ ჰარისი გაიმარჯვებს, მათ ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპის მომხრეებმა ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა დაიწყეს, ვინაიდან შიშობენ, რომ კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში მათ ამის უფლება ჩამოერთმევათ. ინფორმაციას ბრიტანული Daily Express-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვისკონსინში „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები შიშობენ, რომ აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორება, რომელიც მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და შენახვის უფლებას აძლევს, საფრთხის ქვეშაა.
„მე არ მქონია ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ახლა ვიყიდი, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ძალიან მალე მე ის დამჭირდება“, - ციტირებს გამოცემა ტრამპის ერთ-ერთ მომხრეს, რომელიც ვისკონსინის მკვიდრია.
კიდევ ერთმა ამომრჩეველმა გამოცემას დაუდასტურა, რომ მას არასდროს ჰქონია ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა, მისი აზრით, ახლა მას უნდა ჰქონდეს რამე, რითაც თავს დაიცავს. მისი თქმით, მან იარაღი იყიდა იმიტომ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის წლებში ამერიკული საზოგადოება შეიცვალა. ის ამბობს, რომ წლების წინ „დემოკრატი“ იყო და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰილარი კლინტონსაც დაუჭირა მხარი, თუმცა დღეს მას „თვალები გაეხილა“.
ვისკონსინის შტატის კიდევ ორი მაცხოვრებელი ამბობს, რომ მათი იარაღის ტარების უფლება შეიზღუდება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი გაიმარჯვებს. „კამალას ჩვენი იარაღის წაღება სურს... მაგრამ, ეს ჩვენი უფლებაა“, - ციტირებს Daily Express-ი ადამიანებს.