1794829587
დაღესტანში ცნობილი სპორტსმენი მოკლეს - ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნის შვილია
დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში, ქორწილში მოკლული სამბოში რუსეთის ჩემპიონატის პრიზიორის, ვაცილოვ დაუდოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 23 წლის მამაკაცი აღმოჩნდა. Telegram-არხ SHOT-ის ინფორმაციით, დაკავებულს ჰაბიბი ჰქვია, მამამისი კი 2018-დან 2023 წლამდე დაღესტნის დედაქალაქის ლენინის რაიონის საგადასახადო ინსპექციას ხელმძღვანელობდა.
ახალგაზრდა მამაკაცი დაღესტანში ცხოვრობს. მას სამი ძმა ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი საბრძოლო ხელოვნებით პროფესიონალურად არის დაკავებული და ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში რუსეთის ჩემპიონიც გამხდარა.
ეჭვმიტანილს სამართალდამცველებთან პრობლემები იარაღის გამოც ადრეც ჰქონია. 2024 წლის თებერვალში პოლიციამ მას უკანონოდ შენახული ტრავმატული პისტოლეტი „გროზა“ ჩამოართვა. მოგვიანებით მამაკაცმა სხვა იარაღი შეიძინა, რომელიც ასევე არ დაარეგისტრირა. საბოლოოდ, მას Grand Power-ის პისტოლეტი აღმოაჩნდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს იარაღი გამოიყენეს მკვლელობის დროს.
ტრაგედია 14 ნოემბერს, საბანკეტო დარბაზ „მარაქეშში“, საქორწილო ზეიმის დროს მოხდა. სტუმრებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ 31 წლის დაუდოვს ესროლა და თავში დაჭრა.
სპორტსმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამომძიებლები დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.









