1754511189
დაბერება გადამდებია? - მიაგნეს ცილას, რომელიც სიბერეს „ავრცელებს"

ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, სიბერე გადამდები მდგომარეობა იყოს. სამხრეთკორეელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის უჯრედებსა და თაგვებზე ჩატარებული კვლევისას გამოავლინეს ცილა, რომელიც ხნიერიდან ახალგაზრდა ორგანიზმში მოხვედრისას დაბერებასთან ასოცირებულ პროცესებს ააქტიურებს.
ესაა დნმ-ის გადამტანი ცილა HMGB1, რომელიც ძირითადად უჯრედის ბირთვში გვხვდება და დნმ-ს "აწესრიგებს". ამის მიუხედავად, ზოგჯერ იგი გარეთ გამოიდევნება, რის გამოც უჯრედული დაყოფა წყდება და მისი განადგურება იწყება — ამ პროცესს დაბერება ჰქვია.
HMGB1 ახალ გარემოში სხვაგვარად მოქმედებს და ფორმის შეცვლა იმის მიხედვით შეუძლია, თუ რა ოდენობის ჟანგბადია მის ირგვლივ. მაგალითად, დაბალ დონეში ის მცირდება და იმ უჯრედებს აბერებს, რომლებსაც ებმება. მაღალ დონეში მას იგივე ეფექტი არ აქვს.
შემცირებული HMGB1-ის გავლენა მეცნიერებმა ადამიანის თირკმლის, კუნთისა და კანის ქსოვილებზე გამოცადეს. შედეგად, უჯრედებში დაბერების ნიშნებმა იჩინა თავი და ანთებასთან ასოცირებული მოლეკულებიც გამომუშავდა. როგორც ვარაუდობდნენ, ჟანგბადით გაჯერებულ ცილას ასეთი ზემოქმედება არ ჰქონია.
იგივე მექანიზმი გამოვლინდა თაგვებშიც. მაშინ, როცა მეცნიერებმა ახალგაზრდა ჯანმრთელი მღრღნელების ორგანიზმში შემცირებული HMGB1 დაბალი დოზებით გადაიტანეს, ნაადრევი დაბერებისა და ანთების ნიშნები ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირდა. ასევე, 70-80 წლის ასაკის ადამიანთა სისხლის ნიმუშებში მკვლევრებმა შემცირებული HMGB1 ცილის მაღალ დონეს მიაგნეს იმ პირებთან შედარებით, რომლებიც 50 წლამდე იყვნენ. ანალოგიური რამ დაფიქსირდა ლაბორატორიის თაგვებშიც.
„ეს კვლევა აჩვენებს, რომ დაბერების თანამდევი ბიოლოგიური სიგნალები ინდივიდუალურ უჯრედებში არაა მოქცეული, არამედ სისხლის მეშვეობით სისტემურად შეიძლება გავრცელდეს“, - აცხადებენ მეცნიერები.
ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, სიბერე უჯრედიდან უჯრედს გადაედოს არა მხოლოდ ერთ ორგანიზმში, არამედ სხვა სხეულში მოხვედრის შემთხვევაშიც.