დააკავეს დედა, რომელმაც 11 თვის შვილი იმის გამო მოკლა, რომ ბავშვზე მეურვეობა სასამართლომ მამას მიაკუთვნა - რა დაადგინა გამოძიებამ

სახლი ფურგონი

36 წლის მადლინ ვერონიკ დეილიმ 11 თვის შვილის, ბეზილის მკვლელობაში თავი დამნაშავედ ცნო. გავრცელებული ცნობით, მკვლელობას წინ ბავშვის მამასთან მეურვეობის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი უძღოდა. დანაშაული 2025 წლის დეკემბერში, აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატში მოხდა. აღიარების შესახებ ადგილობრივმა პროკურატურამ განაცხადა.

მანამდე ვაიომინგის სასამართლომ ბიჭზე გადაუდებელი მეურვეობა მის მამას გადასცა. დეილიმ დადგენილება დაარღვია, ბავშვი წაიყვანა და სხვა შტატში გაიქცა.

23 დეკემბერს პოლიციელებმა ქალი შვილთან ერთად გრანტის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, სახლ ფურგონში იპოვეს. სანამ სამართალდამცველები ჩხრეკის ორდერის მისაღებად ემზადებოდნენ, სახლიდან  გასროლის ხმა გაისმა.

შენობაში თანამშრომლებმა მძიმედ დაჭრილი ბავშვი და 9-მილიმეტრიანი პისტოლეტით შეიარაღებული დეილი იპოვეს. ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიების მასალების თანახმად, ფატალური ტყვია ბავშვს სახის არეში მოხვდა.

დაკავების შემდეგ ქალმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ ეს ქმედება „ღირდა იმად“, თუ ამის წყალობით ბავშვის მამა და მისი ნათესავები ბავშვს ვერასდროს ნახავდნენ. ის ასევე ამტკიცებდა, თითქოს შვილი მამის გვერდით საფრთხეში იყო, თუმცა ამ ბრალდებების დამადასტურებელი საბუთები საქმის მასალებში არ მოიპოვება.

24 აგვისტოს დეილიმ პირველი ხარისხის მკვლელობაში თავი დამნაშავედ ცნო. ქალს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.