ჩვენ გვაქვს რამდენიმე ახალი იდეა ფორმატების, შეხვედრებისა და ვადების თვალსაზრისით, თუ როგორ მივაღწიოთ რეალურ მშვიდობას - ზელენსკი

ზელენსკი

ჩვენ გვაქვს რამდენიმე ახალი იდეა ფორმატების, შეხვედრებისა და ვადების თვალსაზრისით, თუ როგორ მივაღწიოთ რეალურ მშვიდობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისა და აშშ-ის მომლაპარაკებლებმა მშვიდობის დამყარების გზები განიხილეს.

„დღეს ჩვენ თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრეთ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს – სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ეს იყო ნამდვილად კარგი საუბარი: ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ, გვაქვს კარგი იდეები, რომლებიც განვიხილეთ. გვაქვს რამდენიმე ახალი იდეა ფორმატების, შეხვედრებისა და ვადების თვალსაზრისით, თუ როგორ მივაღწიოთ რეალურ მშვიდობას. დღესვე, რუსტემ უმეროვი გააგრძელებს დისკუსიებს ამერიკულ გუნდთან და მნიშვნელოვანია, თუ შევძლებთ დღეს განხილული იდეების ორგანიზებას“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი დოკუმენტი უკვე მომზადებულია, თუმცა არსებობს „მგრძნობიარე საკითხები“, რასაც ჯერ კიდევ მუშაობა სჭირდება.

„ამერიკულ გუნდთან ერთად, ჩვენ გვესმის, თუ როგორ განვახორციელოთ ეს ყველაფერი. შესაძლოა, მომავალი კვირები დაძაბული იყოს. მადლობა შეერთებულ შტაბებს და მადლობა ყველას, ვინც აგრძელებს ზეწოლას რუსეთზე, რათა გაიგონ, რომ ომის გახანგრძლივებას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება“,- განაცხადა ზელენსკიმ.