ჩინეთში ქალი კიმონოს ტარების გამო დააკავეს

ჩინეთი

ჩინეთში მცხოვრები ქალის თქმით, პოლიციამ იგი „უთანხმოებისა და დაძაბულობის გამოწვევის“ ბრალდებით დააკავა. მიზეზი კი იაპონური ტრადიციული სამოსის ტარება გახდა. ქალს კიმონოსთან ერთად პარიკიც ეხურა და ცნობილი მანგის ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებდა.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს სამართალდამცველი ქალს  ყვირილით ესაუბრება და მიუთითებს იმაზე, რომ ჩინელს იაპონური ტრადიციული სამოსი არ უნდა ეცვას.

„ჰანფუში გამოწყობილი რომ მოსულიყავი, არაფერს გეტყოდი. მაგრამ ჩინელს კიმონო გაცვია. შენ ჩინელი ხარ! არა?“, — ეუბნება პოლიციის ოფიცერი მას ხმამაღლა.

ქალის კითხვაზე, რატომ უყვირიან, პოლიციელი პასუხობს, რომ იგი საზოგადოებაში „უთანხმოებასა და დაძაბულობას იწვევს“ — ეს ჩინეთში გავრცელებული ბრალდებაა, რომელსაც ხელისუფლება დისიდენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ იყენებს.

ამის შემდეგ ვიდეო წყდება. როგორც ცნობილია, ქალი ადგილზევე დააპატიმრეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.