ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
სხეულის მასის ინდექსის (BMI) მატება შესაძლოა კიბოს უფრო მეტი ფორმის განვითარების რისკთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სისტემურ მიმოხილვასა და მეტაანალიზში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature Metabolism-ში გამოქვეყნდა.
კვლევამ 226 სამეცნიერო ნაშრომი და 1.5 მილიონზე მეტი ონკოლოგიური შემთხვევა გააანალიზა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ BMI-ის მატება 19 სხვადასხვა ტიპის კიბოს განვითარების გაზრდილ რისკთან ასოცირდება. მათ შორისაა მსხვილი ნაწლავის, ღვიძლის, პანკრეასის, თირკმლის, ნაღვლის ბუშტის, ფარისებრი ჯირკვლისა და ენდომეტრიუმის კიბო.
ავტორების განმარტებით, საუბარი არ არის იმაზე, რომ სხეულის მასა პირდაპირ იწვევს კიბოს. კვლევა მიუთითებს სტატისტიკურ კავშირზე, რომელიც შესაძლოა აიხსნას ორგანიზმში მიმდინარე ისეთი პროცესებით, როგორიცაა ქრონიკული ანთება, ჰორმონული და მეტაბოლური ცვლილებები. ამასთან, კიბოს განვითარებაზე გავლენას მრავალი სხვა ფაქტორიც ახდენს, მათ შორის გენეტიკა, ასაკი, გარემო და ცხოვრების წესი.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანმრთელობისადმი ინდივიდუალური და კომპლექსური მიდგომის მნიშვნელობას. მათი თქმით, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული კვება, პრევენციული სამედიცინო შემოწმებები ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაწილია.
კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მიღებული მონაცემები მომავალში ხელს შეუწყობს კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის სტრატეგიების გაუმჯობესებას.